2009 - 2017

როგორ
გაქრა ცა
ქალაქის
თავზე

ურბანული კოლაფსი

ბოლო 5 წლის მანძილზე, თბილისში, 26 მილიონ კვადრატულ მეტრზე ახალი შენობები აშენდა. ყველაზე მეტი ახალი ბეტონის კონსტრუქცია ქალაქის ცენტრალურ უბნებში გაჩნდა, იქ, სადაც მოსახლეობა მანამდეც მჭიდროდ იყო დასახლებული. უწესრიგო ურბანულმა ექსპანსიამ თბილისის პარკები და სარეკრიაციო ტერიტორიებიც გაანადგურა.

ამ აგრესიული ურბანიზაციის ერთ-ერთი პირველი სამიზნე დიღმის ტყე-პარკი გახდა, რომლის ფართობის 72% დღეს უკვე ახალ უბანს და გზატკეცილს უკავია. ნელ-ნელა ბეტონით ამოივსო მიწის ნაკვეთები ვაკის პარკში, კუს ტბაზე, ბოტანიკურ ბაღში და სხვა პარკებში - იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა იქამდე აკრძალული იყო. საბოლოო ჯამში, 9 წელიწადში ქალაქში 10 მილიონ 200 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი საზოგადოებრივი სივრცე გაქრა - დაიკარგა სასეირნო ადგილები, ეზოები ბავშვებისთვის, ტროტუარები საცალფეხო ბილიკებად იქცა.

იმ დროს, როდესაც მეგაპოლისების ცათამბჯენების სახურავებზე ბაღ-ბოსტნებს აშენებენ, ჩვენი ქალაქი კოსმოსური ნარჩენების ნაგავსაყრელს დაემსგავსა, ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თბილისი მეტასტაზურად იზრდება - გაუაზრებელ ურბანულ პროცესს, დღემდე მხოლოდ სწრაფი გამდიდრების ინტერესი მართავს.

თბილისის ცენტრში გაჩნდა ყველაზე მეტი ბეტონის მასა.

თბილისში 10.2 მილიონი კვადრატული მეტრის საჯარო სივრცე დაიკარგა.

თბილისს მხოლოდ სწრაფი გამდიდრების ინტერესი მართავს.

გამონაკლისები დეველოპერებისთვის

  2009
  2010
  2011
  2012
  2013
  2014
  2015
  2016
  2017
 
მრავალბინიანი კომპლექსის ასაშენებლად გაიცა ნებართვა

2008 წელს თბილისში უკვე სამშენებლო ბუმი იყო. ქალაქის მერიას ჯერ არ ჰქონდა სტრატეგიული ხედვა. ქალაქის განვითარების გეგმაც და მთელი კონცეფციაც მხოლოდ რამდენიმე ახალი კანონი და ნორმატიული აქტი იყო. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც 2008 წლამდე თბილისში ქალაქმშენებლობის სტრატეგიებს აღწერდა, საბჭოთა კავშირის დროინდელი, 1972 წელს განახლებული ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იყო. გენგეგმა 2009 წელს განახლდა, თუმცა მასში მომავალი ქალაქის კონტურებიც კი არ ჩანდა. გეგმა იმდენად შორს იყო რეალური სურათისაგან, რომ აქამდე მხოლოდ ნომინალურად არსებობდა.

2009 წელს თბილისის მერიაში ახალი ბიუროკრატიული სტრუქტურაც გაჩნდა - “ზონალური საბჭო”. ამ სათათბიროს უნდა გადაეწყვიტა როგორ განვითარებულიყო ქალაქი და 9 წლის მანძილზე, 25 ათასზე მეტი განცხადება განიხილა. საბჭოსგან ძირითადად სამ რამეს ითხოვდნენ: იმაზე მაღალი, და/ან იმაზე განიერი შენობის აშენების უფლებას, ვიდრე დაშვებული იყო. ასევე, ითხოვდნენ შეეცვალათ სტატუსი იმ მიწის ნაკვეთებისათვის, სადაც მშენებლობა მანამდე აკრძალული იყო.

საბჭოს გადაწყვეტილებებს მერიისთვის, რეკომენდაციის ძალა ჰქონდა. თუმცა, შესწავლილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მერიას საბჭოს არც ერთი გადაწყვეტილება არ შეუჩერებია. საბჭო ერთჯერად გამონაკლისებზე გასცემდა ნებართვებს. ეს ნებართვები ფასიანი იყო და საერთო ჯამში, ამ ექსკლუზიური დაშვებებისთვის ქალაქის მთავრობას, ძირითადად ინვესტორებმა, 50 მილიონი ლარზე მეტი გადაუხადეს.

ზონალური საბჭოს ცხრაწლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქალაქს უკვე დეველოპერები ცვლიდნენ. ისინი კარნახობდნენ თბილისს - რა, სად და როგორ უნდა აშენებულიყო. “მე როცა ვიყავი თავმჯდომარე, მაშინ მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო და დეველოპერები გაკოტრდნენ, - ამბობს მიხეილ ავალიანი, ზონალური საბჭოს ყოფილი წევრი, - ამიტომ მათი ინტერესის გათვალისწინება საჭირო იყო.”

ქალაქის მეტასტაზები

 

ხეები ქალაქში

„მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოს დედაქალაქშია”

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო.
IEA, World Energy Outlook 2016

ანონიმური ფუნქციონერები

არისი ბოჭოიძე
11
ბიძინა გიორგობიანი
1
გიორგი გოგოლაშვილი
44
გიორგი ტყემალაძე
3
გოჩა ბაბუნაშვილი
10
გურანდა რომანაძე
27
დავით მახარობლიშვილი
20
დავით ნარმანია
47
დავით ნინიძე
25
დიმიტრი მოსულიშვილი
21
დიმიტრი ქუმსიშვილი
29
ზაქარია ქურდიანი
30
ზურაბ წიკლაური
35
თემურ ზედელაშვილი
17
იოსებ ქარცივაძე
42
ირაკლი აბესაძე
5
კახაბერ ნიაური
24
ლაშა აბაშიძე
46
ლევან ძაგნიძე
34
მაია შავიშვილი
31
მალხაზ ჭამპურიძე
36
მამუკა ახვლედიანი
9
მიხეილ ავალიანი
8
ნატო ქიტიაშვილი
39
ნესტან ადვაძე
43
ნინო გვენცაძე
14
ნინო ხატისკაცი
37
ოთარ ნემსაძე
45
ალექსანდრე ჯობავა
38
გიორგი აბულაძე
6
გიორგი მახარაშვილი
19
გიორგი სულაბერიძე
2
გიორგი ჩაჩანიძე
4
გიული გეგელია
13
დავით აბულაძე
7
დავით გოგიჩაიშვილი
15
ვაჟა ორბელაძე
26
ირაკლი მურღულია
22
ირაკლი ჩირაძე
32
მალხაზ მჭედლიშვილი
23
მანუჩარ მახათაძე
18
მერაბ გაგნიძე
12
მერაბ გუჯეჯიანი
16
ნიკოლოზ სებისკვერაძე
28
ნიკოლოზ ჩხაიძე
33
ნინო ფარცხალაძე
41
ნუგზარ ხვედელიანი
40

მერიის
თანამშრომელი

საბჭოს წევრობისას წარმოადგენდნენ იმ არქიტექტურულ კომპანიებს, რომლებიც კოეფიციენტების გაზრდას და ზონალურ ცვლილებებს ითხოვდნენ.

დამოუკიდებელი
ექსპერტი

საბჭოს დებულება, მის წევრებს ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთებას ავალდებულებდა. სახალხო დამცველი 2016 წლის ანგარიშში, მერიისგან ითხოვდა გაეუქმებინათ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც არგუმენტები აკლდა. დაუსაბუთებელი ნებართვების გაცემა ორგანიზაციამ “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” ხუთჯერ გაასაჩივრა და სასამართლოს მიმართა. სამი საქმე წააგო, ორი ისევ განხილვის ეტაპზეა.

“საბჭოებს ის მინუსი აქვს, რომ მისი წევრები ხელფასს არ იღებენ, - ამბობს მიხეილ ავალიანი, ზონალური საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, - ეს, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვას აჩენს, ჩნდება კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის რისკი, რადგან ადამიანები მოდიან, მთელი დღე მუშაობენ და მათ ამაში ხელფასს არავინ უხდის.”

ზონალურ საბჭოში, სწორედ, ინტერესთა კონფლიქტს სწავლობდა “საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს” კვლევა. ასე გაირკვა, რომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ნაწილი, საბჭოს წევრობასაც ითავსებდა და თან სამშენებლო კომპანიებშიც ფლობდა წილს.

საბჭოს წევრები ხშირად განიხილავდნენ საკუთარი ბიზნესპარტნიორების განცხადებებს და გასცემდნენ რეკომენდაციას გაეზარდათ შენობის მოცულობა, ან დაეშვათ მშენებლობა იქ, სადაც ეს იქამდე აკრძალული იყო.

საბჭოს, საბოლოო ჯამში, წევრებისა და მათი ბიზნესპარტნიორების პროექტებისთვის 70 ნებართვა აქვს გაცემული.

“კომპრომისულ გადაწყვეტილებებს არქიტექტურის სამსახური ყოველთვის იღებდა და მომავალშიც მოუწევთ, - ამბობს მიხეილ ავალიანი, - რა თქმა უნდა, დანაშაული არ უნდა ჩაიდინო და ისტორიულ-ლანდშაფტურ სივრცეებს არ უნდა შეუცვალო სტატუსი. თუმცა, ამგვარი შეცდომებიც დაუშვია საბჭოს.” ეს შეცდომები ქალაქში ათწლეულები მაინც დარჩება. ყველაზე რთული დღეს, მათზე პასუხისმგებელი ადამიანების პოვნაა, რადგან კვალი წაშლილია - 2010 წლის შემდეგ, ყველა გადაწყვეტილება ანონიმურია, არც ერთ ოქმში აღარ გვხვდება წევრების სახელები.

ზონალური საბჭო თბილისის მერიისთვის ერთგვარი ნიღაბი იყო, რომელიც არქიტექტურის სამსახურის გაუაზრებელ პოლიტიკას ამართლებდა. საბჭოს წევრები იღებდნენ პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებებზე ისე, რომ მათი ვინაობა სამუდამოდ დაფარული რჩებოდა. ასე იქცა საბჭო უსახელო ბიუროკრატების ერთობად, რომლის ძალა მხოლოდ მათ კრებით სახელში იყო. დღეს არავინ იცის, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მომენტში, ვინ გასცემდა რეკომენდაციას.

“ზონალურ საბჭოს არავითარი პრიორიტეტი არ ჰქონია, - ამბობს ლადო ვარდოსანიძე, - მნიშვნელოვანი მხოლოდ ფისკალური და კერძო ინტერესები იყო. ერთი ჰკითხეთ საბჭოს წევრ არქიტექტორებს, მოსწონთ რაც ხდება საბურთალოზე, ხილიანზე, ვერაზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე? გაგვცენ მხოლოდ დიახ, ან არა პასუხი.”

როგორ გაჩნდა აკადემქალაქი

2000' წლები

ტერიტორიის 60% ბეტონის კორპუსები

2016 წლის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე 12 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს. მოსახლეობის 48% საკუთარი მანქანა აქვს. ქუჩები მუდამ ჩახერგილია. ფეხით მოსიარულეთა ბორდიურები ან ძალიან ვიწროა, ან საერთოდ არ არის. რამდენიმე კორპუსს ხანძრის შემთხვევაში, სახანძრო მანქანაც კი ვერ მიუდგება.

2009 წლიდან მოყოლებული ზონალურმა საბჭომ 46 საცხოვრებელი კორპუსიდან 34-ს ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები კიდევ უფრო გაუზარდა და შენობები სიმაღლესა და სიგანეში გაიზარდა.

აკადემქალაქში დარღვეულია დისტანციის და ვენტილაციის ყველა სტანდარტი. დარღვეულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებიც: 15 წუთი მწვანე ზონამდე და 9 კვადრატული მეტრის მწვანე საფარი 1 ადამიანზე. 50 ჰექტარზე, სულ ორი სკვერია, 46 შენობა დგას და დღეში ასი ათასამდე მანქანა მოძრაობს და კვლევის მიხედვით 77 პროცენტს სადგომის პრობლემა აქვს.

აკადემქალაქი ურბანული კოლაფსის მაგალითია, სადაც განაშენიანების ყველა ლოგიკა დარღვეულია. პარადოქსია, რომ მასშტაბური მშენებლობა ამ მოცემულობაშიც გრძელდება და ადამიანები ისევ იძენენ უძრავ ქონებას იქ სადაც ცხოვრება ერთი შეხედვით შეუძლებელია.

“ჩვენ ვცხოვრობთ კონსიუმერიზმის ეპოქაში, სადაც ქალაქის მიმართ ყველას მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს, - ამბობს ლადო ვარდოსანიძე, არქიტექტორი და ურბანისტი, - საზოგადოებისთვის ქალაქი არის მხოლოდ ფისკალური, პირადი თუ ჯგუფური ინტერესების განხორციელების ასპარეზი. ამ ქალაქის ბოლო 10 წელი რომ შევაჯამოთ დავინახავთ უსუსურობასა და კონსიუმერიზმს. მაგალითად, ვხედავთ ბილტმორს. რა უფლებით? კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაა. ვინ გასცა ნებართვა? ვინ გაყიდა?

ვინ მოუხსნა სტატუსი იმელს? ან, თუნდაც აკადემქალაქი. ზემო ვერა. ხილიანის (ჩიქოვანის) ქუჩა. ეს იმიტომ, რომ მთავრობა ბიზნესს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში. ეფექტიანი ურბანული მართვა კი ნიშნავს, მოქალაქეებისა და ბიზნესის ინტერესების ისეთ ბალანსს, სადაც არავინაა დაზარალებული.”

ტერიტორიის 60% სამეცნიერო დაწესებულებები

1970' წლები

პანორამა თბილისი

“პანორამა თბილისის” მინის გიგანტური კონსტუქცია თბილისის კულტურულ ცენტრში ჩაშენდება. ეს ისტორიული უბანია, რომელსაც სპეციალური დაცვის ზონა აქვს, თუმცა ინვესტორისთვის ამას ხელი არ შეუშლია. ისტორიული მოედნის გარშემო, ლანდშაფტი მალე მთლიანად შეიცვლება.

“პანორამა თბილისის” იდეა ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ, თანაინვესტირების ფონდს ეკუთვნის. ფონდმა პროექტი განსახილველად ჯერ კიდევ გიგი უგულავას დროინდელ ზონალურ საბჭოს რამდენჯერმე წარუდგინა, თუმცა, ავტორებმა მაშინ კოეფიციენტების გაზრდაზეც და ზონის სტატუსის ცვლილებაზეც უარი მიიღეს.

2014 წლის ბოლოს, თბილისელებმა ახალი მერი, დავით ნარმანია აირჩიეს. ხელახლა დაკომპლექტდა ზონალური საბჭოც. რამდენიმე თვეში, საბჭომ “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო: პროექტისთვის, საერთო ჯამში, 440 ათასი კვადრატული მეტრის მოცულობის მიწის ნაკვეთებს შეეცვალა სტატუსი და იქ  მშენებლობა ნებადართული გახდა. თავისუფლების მოედანზე კი, ახალი შენობის, სასტუმროს მოცულობაში გაზრდაზე გასცეს ნებართვა და კოეფიციენტი 4.6 -იდან 7.8-ამდე გაზარდეს.

2017 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულომ, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1,900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა. ამ ადგილზე უძრავი ქონების საბაზრო ფასი 1 კვადრატული მეტრისთვის, საშუალოდ, 2,100 ლარია. ნაკვეთს “პანორამა თბილისის” პროექტში მანქანების სადგომის ფუნქცია ექნება.

“კოეფიციენტების ზრდის დრამატული შედეგი თბილისის ისტორიულ უბანში ყველაზე აშკარად ჩანს, - ამბობს ნატო ცინცაბაძე, არქიტექტორ-რესტავრატორი, - ეს უბანი თავადაა კულტურული მემკიდრეობა და მისი კონსერვაცია ნიშნავს შეინარჩუნო ქუჩათა ქსელის კონფიგურაცია ზუსტად იმ სახით, როგორც მან ჩვენამდე მოაღწია. კოეფიციენტების გაყიდვა ისტორიულ უბნებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპების უხეში დარღვევაა. ეს ქალაქის სოციალურ ინფრასტრუქტურასაც არღვევს, იმიტომ, რომ გაფართოება მხოლოდ ისტორიული ძეგლებისა და საჯარო სივრცეების ათვისების ხარჯზე ხდება.”

მირზა შაფის ქუჩაზე ზონალური საბჭოს რეკომენდაციით, შეიცვალა ზონის სტატუსი და მოიჭრა კლდე.  მერიის ამ გადაწყვეტილებამ მთელი უბნის ეკოსისტემა შეცვალა. მილენიუმისა და პანორამა თბილისის პროექტებისთვის ისევ, საგანგებოდ შეიცვალა ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი - თამარაშვილის 10 ნომერში ისევ ბეტონის მასად იქცა სკვერი.

“თბილისი დეჰუმანიზაციას განიცდის. დღეს ესაა ბეტონით სავსე ტერიტორია, რომელსაც მხოლოდ მყისიერი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ქალაქი და მისი გამოცდილება დაკარგულია.” ნატო ცინცაბაძე, არქიტექტორ-რესტავრატორი

ჩვენ შესახებ

პროექტის ავტორები:

  • ნინო ლომაძე

  • ნინო ბაქრაძე

  • ნინო ჯაფიაშვილი

პროექტის დირექტორი

  • ნინო ბაქრაძე

მკვლევარი ჟურნალისტები

  • ნინო ბაქრაძე

  • ნინო აბდალაძე

  • მარიამ უგრეხელიძე

  • ნანუკა ბრეგაძე

რედაქტორები

  • ნინო ჯაფიაშვილი

  • ნინო ლომაძე

არტ დირექტორი

  • ანი ასათიანი

ვებ დეველოპერი

  • დავით მაკარიძე

ვიდეო

  • თამარ მშვენიერაძე

  • მარიამ ჯაჭვაძე

ოპერატორი

  • ვანო ანდიაშვილი

მონტაჟი

  • გიორგი დეკანოიძე

ფოტო

  • ლევან მაისურაძე

ხმის დიზაინი

  • მარიამ აბესაძე

ინდიგო განსაკუთრებულ მადლობას უხდის

  • ნატო ცინცაბაძეს

  • ლადო ვარდოსანიძეს

  • ანანო ცინცაბაძეს

  • ნანო ზაზანაშვილს

  • ზურაბ ბაქრაძეს

პროექტი განხორციელდა
“ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს”
მხარდაჭერით.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება
შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას.
შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

დასასრული

ქართული | English